გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს როგორც მთავრობის გუნდის წევრებს შორის, ასევე ბიზნეს სექტორთან. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა გარკვეული სცენარები განიხილება და შესაძლოა, ხვალაც გახდეს ცნობილი.
„შეზღუდვებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, შეხვედრები და კონსულტაციები ბიზნეს სექტორთან, რადგან ჩვენ გვესმის, რომ შეზღუდვების მოხსნა პირდაპირ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე აისახება. ჩვენ პოლიტიკურმა დღის წესრიგმა არ მოგვცა საშუალება, რომ გარკვეული შეზღუდვები მიგვეღო იმ დროს, როდესაც ქვეყანაში დაავადებულებების გამოვლინების მზარდი რაოდენობა იყო. არჩევნების დამთავრებისთანავე, ისე, რომ დემოკრატიული პროცესები არ შეგვეფერხებინა, გარკვეული შემზღუდავი ღონისძიებების შემოტანა დავიწყეთ. უკვე პირდაპირპრორციულად იკლო ინფიცირებულღა რიცხვმა და ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე პირდაპირ აისახა. გვესმის, რომ სამწუხაროდ, შემზღუდავი ღონისძიებები ეპიდემიოლოგიური ვითარების კონტროლის ერთადერთი პასუხია, მაგრამ ეკონომიკური მოცემულობაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის დასაქმებულების მდგომარეობის შენარჩუნება. აქ ოქროს შუალედი და გარკვეული ბალანსი უნდა დაიჭიროს ნებისმიერმა პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ. რამდენი პაციენტის მომსახურება შეუძლია ჯანდაცვის სექტორს, ალბათ, ეს არის სწორი ზღვარი, სადაც უნდა გაიაროს ნებისმიერმა ქვეყანამ და გადაწყვეტილებები ამას უნდა ეფუძნებოდეს. რაც შეეხება 24 დეკემბერს შეზღუდვების მოხსნას, ამაზე მიდის მუშაობა როგორც გუნდის შიგნით, ასევე ბიზნესთან. კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა გარკვეული სცენარები განიხილება და უახლოეს ხანებში, იგივე ხვალ თქვენთვის ცნობილი გახდება“,-განაცხადა დავითაშვილმა.