თბილისის მერიაში დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტებთან შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას ითვალისწინებს.
მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და კომპანია „კა დე ვე ჯორჯიას“ დირექტორმა, ვაჟა სამადბეგიშვილმა მოაწერეს.
კომპანია „კა დე ვე ჯორჯია“ 2016 წელს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე თბილისის მერიის მიერ ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებული გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სრულ ციკლს მოიცავს, რაც გულისხმობს ნარჩენების სორტირება-რეციკლირებას (პოლიმერები, ცელულოზა, ტექსტილი, შუშა, მეტალი, ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ვინილი და სხვა) და გადამუშავებას თანამედროვე, ნოუ-ჰაუ KDV ტექნოლოგიით – დახურულ უჟანგბადო სივრცეში. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, დამუშავების ასეთი წესი გარემოს არ აზიანებს.
ტექნოლოგიური ციკლის ბოლოს, ნარჩენების გადამუშავების გერმანული, KDV ტექნოლოგიის მეშვეობით, ორი ძირითადი სარეალიზაციო პროდუქტი მიიღება: ევრო-5 სტანდარტის სინთეტიკური დიზელი და ბიტუმი (ასფალტის წარმოებისთვის).
კომპანია მისი ძირითადი პროდუქტების – დიზელისა და პოლიმერების საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს, ხოლო სხვა პროდუქტების, როგორებიცაა, მაგალითად, ბიტუმი და მეტალის ჯართი, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს.