დავითაშვილი: მომდევნო 4 წელში დაინერგება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები

413

მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების ფონზე დაინერგება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, წყლის რესურსების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და სამრეწველო საწარმოთა რეგულირების ევროპული მოთხოვნები,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

განხორციელებულ რეფორმებზე საუბრისას, ლევან დავითაშვილმა საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, ყურადღება დაცული ტერიტორიების გაფართოების, სატყეო სექტორის კომპლექსური რეფორმის, ნარჩენების მართვის, კლიმატის ცვლილებების შერბილების, გარემოსდაცვითი კონტროლისა და ზედამხედველობის და ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით დანერგილი სისტემების მნიშვნელობის საკითხებზე გაამახვილა.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები შემდეგ წლებში, იქნება: გარემოსდაცვითი სტანდარტების ევროპულ მოთხოვნებთან დაახლოება, საწარმოებში საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა და საწარმოთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გაზრდა. 200-მდე საწარმოზე გავრცელდება ახალი გარემოსდაცვითი რეგულაციები მათ შორის, ჰაერში გაფრქვევების ფილტრაციისა და თვითმონიტორინგის სისტემებით აღჭურვა, რაც უზრუნველყოფს სამრეწველო სექტორიდან გარემოზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ამოცანა, ქვეყნის მდგრადი და დაბალანსებული განვითარებაა. ეს არის გარემოზე ზემოქმედების თავიდან აცილება და გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს მომავალი თაობების ჯანსაღ გარემოში ცხოვრებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.