რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეგიონების თანაბარი განვითარების მიზნით, გაგრძელდება სხვადასხვა ტიპის ინტეგრირებული მართვის პროგრამების განხორციელება საერთაშორისო დონორების, მათ შორის ევროკავშირის, აზიის განვითარების ბანკის და მსოფლიო ბანკის დახმარებით.
როგორც მან პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, პროგრამები ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის, ტურიზმის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, როგორც კერძო სექტორის დაფინანსებას, ისე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.
მისი თქმით, გაგრძელდება მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება.
„EBRD დახმარებით რეგიონებისთვის უკვე შეკვეთილია 185 ავტობუსი, საიდანაც 98 ავტობუსი უკვე გადაცემულია 7 დასახლებისთვის. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობით, ჩამოყალიბდება მუნიციპალური სატრანსპორტო მოძრაობის გეგმები“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ გაუმჯობესდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სერვისები და 2024 წლისთვის დასრულდება ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მიმდინარე პროექტები იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში.