ოპოზიციის წინააღმდეგ დაანონსებულ სანქციებზე NGO-ები შეშფოთებას გამოთქვამენ

378

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ დაანონსებულ სანქციებზე უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ. მათი შეშფოთების საგანი ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები გახდა. ამ მიზნით კანონპროექტია ინიცირებული, რაც მათ შორის მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმება-შეზღუდვასთანაა დაკავშირებული.

“მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება, როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით — იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი არ გახდნენ.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო (TI Georgia);
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR);
  • საფარი;
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის (RIVG);
  • უფლებები საქართველო (Rights Georgia);
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გუშინ, 17 დეკემბერს პარლამენტში ინიციატივის წესით შევიდა კანონპროექტების პაკეტი, რომელიც საპარლამენტო საბოტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. კობახიძის თქმით, აღნიშნული პაკეტი სახელმწიფო დაფინანსების შეწყვეტასა და შეჩერებას ითვალისწინებს იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც საპარლამენტო მანდატებს სრულად არ ითვისებენ ან რომელთა წარდგენით არჩეული დეპუტატები პარლამენტის პლენარულ სხდომებს არასაპატიო მიზეზით აცდენენ.

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილების თანახმად კი, იგივე პარტიები მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით ვერ ისარგებლებენ.

კობახიძის თქმით, მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტების პაკეტი, პარლამენტი მომავალი კვირის ბოლომდე დაამტკიცებს.