ე.წ. კომენდანტის საათის დროს თბილისში განათებები არა, მაგრამ ნაძვის ხე ანთებული იქნება

773

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის დროს, საღამოს ცხრა საათიდან ქალაქის განათებები ჩამქვრალი იქნება, თუმცა ნაძვის ხეს მაინც ანთებულს დატოვებენ. On.ge-ს კითხვას, ვისთვის იქნება განათებული ნაძვის ხე კომენდანტის საათის დროს, კალაძე პასუხობს:

“რაც შეეხება კომენდანტის საათს, რომ 9 საათის შემდეგ იზღუდება გადაადგილება ქალაქში, 24-მდე ჩვენ გვექნება არაერთი შეხვედრა საკოორდინაციო საბჭოში და იქნება საუბარი და განხილვა, თუ იქნება მიზანშეწონილი საკომენდანტო საათი გადაიწიოს.

რაც შეეხება განათებებს, დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როცა კომენდანტის საათი დაიწყება განათებები იქნება ჩამქვრალი, ნაძვის ხის გარდა”.

კალაძემ არ უპასუხა კითხვას, რამდენი დაიხარჯება კომენდანტის საათის დროს ნაძვის ხის განათებაზე და თქვა:

“ზუსტად გამიჭირდება, შეგიძლიათ, წერილობით მოგვმართოთ. დაახლოებით არ შემიძლია, აგერ არის ეკა ჯოჯუა და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას”.

მანამდე მან სხვა მედიის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომ ქალაქის განათებაში 3 მილიონი ლარი არ დახარჯულა. მისი თქმით, განათებებზე დახარჯულია, დაახლოებით, 700 ათასი ლარი.

“ეს არის ახალი ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენა. გარდა ამისა, ხეებზე დახვეულ ე.წ. სტრინგებს რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი არის ამ თანხით შეძენილი. ამას დაემატება კონცერტებთან დაკავშირებული თანხები. ჩვენ გვექნება 3 კონცერტი”, — განაცხადა მან.

როგორც მერიაში On.ge-ს განუმარტეს, 2021 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში დაიხარჯა ჯამში 986 524 ლარი და შესყიდვის ობიექტების მოწოდებას უზრუნველყოფს სამი კომპანია: შპს დანდი — საახალწლო სტრინგები; შპს ბენ 3 — საახალწლო გირლიანდები; შპს ღამის შოუ სტუდია — საახალწლო ნათურები და აქსესუარები.

თბილისის მერიამ გასულ წელს იტალიაში, მილანში მილიონ ლარად ნაყიდი ნაძვის ხის გადასაკეთებლად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა, რომლის ღირებულება 195 800 ლარი იყო. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მორთვა-გაფორმებაში 103 850 ლარი დაიხარჯებოდა, 70 ცალ ნათურასა და 21 მეტრი სიგრძის გირლიანდაში — 70 950, სტრინგი კაბელის შეძენა კი 21 ათასი.

საზოგადოების კრიტიკას ხარჯებთან დაკავშირებით კალაძემ პერფორმანსით უპასუხა. მან ფეისბუქლაივი ჩაბნელებული პარკიდან გაუშვა და ხალხს ჰკითხა, მოსწონდათ თუ არა ეს.

“ყოველწლიურად ბიუჯეტი, დაახლოებით, 11-12 მილიონ ლარს ხარჯავს. ანუ რა არის ჩვენი მიდგომა, რომ ქუჩებიც ჩავაბნელოთ? აღარ გადავიხადოთ ეს 12 მილიონი იმისთვის, რომ ქალაქი ღამით ულამაზესი იყოს? მეგობრებო, დიდებო, პატარებო, თბილისელებო, დედაქალაქის სტუმრებო, მინდა ყველას გითხრათ, რომ გპირდებით, წელს საახალწლო თბილისი იქნება ისეთივე ლამაზი და სავსე სადღესასწაულო განწყობით, როგორც გასულ წლებში, თუმცა იქნება მოკრძალებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქნება ულამაზესი”, — აღნიშნა კალაძემ.

2019 წლის ნაძვის ხე, რომელიც მერიამ ტენდერით იყიდა, სოციალურ ქსელებში კრიტიკის საგანი მაშინვე გახდა. მოსახლეობამ ხის მეჩხერი ტოტები და სათამაშოების სიმწირე დაიწუნა. მაშინ ტენდერში იტალიურმა კომპანია IDO SRL-მა გაიმარჯვა, ამ კომპანიის წარმოებული სათამაშოებით გაფორმდა თბილისის ქუჩების ნაწილიც. ნაძვის ხეს, რომელიც ბიუჯეტს მილიონ ლარამდე დაუჯდა, ერთწლიანი გარანტია ჰქონდა.