„სტარტეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის შეფასებით, პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადება ქართულ დემოკრატიაზე, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე მორიგი შეტევაა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ეს არის მორიგი შანტაჟი და მუქარა, რაც ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველი არ არის.
„ვხედავთ, რომ ხელისუფლება პროცესების რადიკალიზაციისკენ მიდის. ოპოზიციური მხარისგან განსხვავებით, ის მოწადინებული არ არის, რომ მოლაპარაკებამ დადებითი შედეგი გამოიღოს. ეს არის მორიგი შანტაჟი, მუქარა, რაც ირაკლი კობახიძისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან პირველი არ არის. ჩვენი პოზიცია არის, რომ საერთოდ არ შევყვებით ამ შანტაჟში, ისეთი წინადადებების განხილვაში, რასაც დაფინანსება ჰქვია, რადგან ამ მომენტისთვის ქვეყანა არის გადასარჩენი. „ქართულ ოცნებასთან“ არავითარ დაფინანსებაზე საუბარს და დისკუსიაში შესვლას ნამდვილად არ ვაპირებთ. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ არ შეიძლება ისეთი კანონის მიღება, რაც არსებულ ვითარებას აუარესებს, მათ შორის პარტიებისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს დაფინანსება არსებული კანონმდებლობით საერთოდ გამიჯნულია პარლამენტის საქმიანობისგან. ეს არის იმისთვის, რომ პარტიამ ფუნქციონირება გააგრძელოს და საქართველოში დემოკრატიული პროცესები განვითარდეს. ამით ის მარტო პარტიებს კი არ უუქმებს დაფინანსებას, ქვეყანაში საერთოდ დემოკრატიულ პროცესებს კლავს.
ბატონი კობახიძე დაფინანსების ერთადერთი წყაროს გადაკეტვას უპირებს პარტიებს, რაც ქართულ დემოკრატიაზე, ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე მორიგი შეტევაა. გარდა იმისა, რომ მას კანონის ძალა არ გააჩნია, ეს არის კანონების ჭრა-კერვა იმისდა მიხედვით, რომელი ინდივიდი ან პარტიის წევრი მოსწონს თუ არ მოსწონს ირაკლი კობახიძეს. ეს არის სრული უკანონობა. ფაქტობრივად, უკვე ერთი კაცის დიქტატურის პირდაპირი გაფორმება ხდება“,-განაცხადა ჩიხლაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მმართველმა გუნდმა შანტაჟითა და მუქარით მოლაპარაკებების პროცესი უკვე დააზიანა. თუმცა, როგორც სერგო ჩიხლაძე განმარტავს, ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდისთვის მაინც მზად არის.
„მიუხედაავდა ამის, ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ შანტაჟი, მუქარა და დაშინება, რეგისტრაციიდან მოხსნა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ უწყობს. ყველა კარგად ხედავს, რომ ეს მთავრობის მხრიდან მომდინარეობს. ეს უკვე მათი პასუხისმგებლობის საკითხია, თუ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები“,-განაცხადა ჩიხლაძემ.
მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ერთადერთი გზა მოლაპარაკებების განახლება და ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.
ცნობისთვის, პარტიას, რომელსაც საპარლამენტო მანდატები შეუწყდება, ან რომელიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვება, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება ან ერთი წლით შეუჩერდება – შესაბამისი კანონპროექტების პაკეტი პარლამენტში ინიციატივის წესითაა შესული. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, კანონპროექტების მიხედვით, იგივე პარტიები ვერ ისარგებლებენ მუნიციპალური და საპარლამენტო არჩევნებისთვის განკუთვნილი უფასო საეთერო დროით.