აფრიკის დასახლების მცხოვრებლები სამგორის რაიონის გამგეობასთან შეიკრიბნენ. მათ გუშინ, 14 დეკემბერს დაკავებული ადამიანის გათავისუფლება მოითხოვეს. ისინი ასევე ითხოვენ, ის მშენებლობები დაუკანონდეთ, რაც აქვთ აფრიკის დასახლებაში. ინფორმაციას ფორმულანიუსი ავრცელებს.
პარალელურად, აფრიკის დასახლებაში მცხოვრები 4 ადამიანი გამგეობის წარმომადგენლებს ცალკეც შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთმა მოქალაქემ თქვა:
“მივიღეთ პასუხი, რომ ყველანი მოვექცევით სამართლებრივ ჩარჩოში. ეს ნიშნავს, რომ დემონტაჟს გააგრძელებენ. ამბობენ, რომ ფულადი დახმარება ან ქირა იქნება”.
მოქალაქეებმა თქვეს, რომ ისინი უარს იტყვიან ქირით გადასვლაზე, ვინაიდან არ აქვთ გარანტია, რომ გამგეობა ამ ვალდებულებას დიდი ხნის განმავლობაში დაფარავს.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილს საცხოვრებელი თბილისის მერიამ გუშინ დაუნგრია. მიზეზად უკანონო მშენებლობა დაასახელა.
სამგორის მერიასთან შეკრებილმა მოქალაქეებმა თქვეს, რომ სახლებამდე გაზის და ელექტროენერგიის მიყვანის ნებართვა გამგეობამ მისცა, ასევე, წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების კანდიდატი, სოზარ სუბარი პრობლემის მოგვარებას ჰპირდებოდა და ეუბნებოდა, მშენებლობა გაეგრძელებინათ.
“ადამიანმა, რომელმაც იწვალა, შვილებს ლუკმა-პურის ფული მოაკლო და სათითაო ბლოკებით სახლი ააშენა, ზოგს 5 შვილი ყავს, ზოგს 4 შვილი ყავს, იმან რა უნდა ქნას. არც მერიის ბალანსზეა მიწა, არც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, რა უნდა ვქნა, ვისგან ვიყიდო”, – თქვა ერთმა.
“8 წლის წინ რუსთავში ხალხი წავიყვანე მანქანით, გეხმარებოდით [ქართულ ოცნებას]. რომ მცოდნოდა, რომ 8 წლის შემდეგ სახლს დამინგრევდით, იქ წავიდოდი? ოცნებას მხარს იმიტომ ვუჭერდი, რომ იმათ გაკეთებულში ბევრი არასწორი დავინახე. თქვენ მოგცათ ვინმემ უფლება, 4 შვილით ქუჩაში რომ დამტოვეთ? ნახეთ, გელაპარაკებით, თქვენი ამომრჩეველი ვარ და მე არ მზოგავთ და სხვებს დაზოგავთ?”, – უთხრა სხვა მოქალაქემ სამგორის გამგებელს.
17:00 საათზე აფრიკის დასახლების მცხოვრებლები სამგორის გამგეობის შენობასთან დაბრუნებას და თავიანთი მოთხოვნების კიდევ ერთხელ დაყენებას გეგმავენ.