ელისაშვილი: მეტროს განვაახლებ, ტრამვაის აღვადგენ, სიტი პარკს გავუშვებ

1056

თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა მეტროს სადგურ “ახმეტელის” ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას სატრანსპორტო მიმართულების განვითარებისთვის მისეული ხედვა წარუდგინა. მისი განცხადებით, მსგავსი საკითხის შემუშავების დროს პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადამიანის კომფორტს და არა ავტომობილებს.

ელისაშვილის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული შექმნა არის მთავარი პრიორიტეტი, სადაც მთავარი როლი მიენიჭება მეტროს, შემდეგ ავტობუსს დაბოლოს სამარშრუტო ტაქსებს. მან ტრამვაის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, ამ საკითხზე აქტიურად დაიწყება მუშაობა, ვინაიდან ტრამვაი არის მეტროს იაფი ალტერნატივა, რაც კომფორტს უქმნის მოსახლეობას და ამავდროულად გაანეიტრალებს ქალაქში არსებულ გადატვირთულ მოძრაობას.

ალეკო ელისაშვილმა პრეზენტაციაზე ასევე განაცხადა, რომ გადაიხედება თბილისის მიკროავტობუსთან გაფორმებული ხელშეკრულება და გაუქმდება კომპანია “სიტი პარკთან” წლების წინ დადებული შეთანხმება. “ის მიდგომა, რომ ახალი გზები და ესტაკადები მოაგვარებს საცობის პრობლემას, არის ტყუილი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებული შექმნა არის მთავარი. ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ადამიანი და არა მანქანა. სულ სხვაგვარად უნდა აეწყოს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა, სადაც პრიორიტეტი მიენიჭება მეტროს. მასზე უნდა დაშენდეს ავტობუსის ქსელი, სამარშუტო ტაქსების ქსელი და ა. შ. აუცილებელი კომპონენტია ტრამვაის შემოყვანა, რადგან ეს არის მეტროს იაფი ალტერნატივა და არავის უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ კომუნისტების დროს დაპროექტებული მეტროს პროექტი დასრულდება, ეს წარმოუდგენელია. ამავდროულად გადაიხედება თბილისის მიკროავტობუსთან გაფორმებული ხელშეკრულება, სადაც პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს როგორც მოქალაქეებს, ასევე მძღოლებს. არ შეიძლება მძღოლს 120 ლარის ვალი ჰქონდეს სამუშაოს დაწყებამდე და ის ამ თანხის ამოსაღებად აკეთებდეს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჩვენ ხელშეუკრულებას გავუუქმებთ “სიტი პარკს”, რომელიც არაფერს აკეთებს, შემოვა დედაქალაქში ისეთი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საპარკინგე ინფრასტრუქტურას”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.