თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის 166 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება

794

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“ და შპს „რუსთავის წყლის“ 2021-2023 წლების საინვესტიციო გეგმები შეითანხმა.

კომპანიების მიერ მომდევნო სამი წლის განმავლობაში თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სისტემებში 166 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. საინვესტიციო პროექტების ფარგლებში გაუმჯობესდება სასმელი წყლის უწყვეტობა, მიწოდების საიმედოობა და ხარისხი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიი ცნობით, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელიც ოპერირებს ქ.თბილისსა და ქ. მცხეთაში, საინვესტიციო გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქ. თბილისში განახორციელებს 149 მილიონი ლარის ინვესტიციას, ხოლო ქ. მცხეთაში – 6 500 000 ლარის ინვესტიციას. შპს „რუსთავის წყლის“ 2021-2023 წლების საინვესტიციო მოცულობა 10 500 000 ლარს შეადგენს.

როგორც სემეკში აცხადებენ, საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ჩატარდება სამუშაოები სასმელი წყლისა და წყალარინების მილსადენებზე ავარიების შემცირების მიზნით, გაგრძელდება გამრიცხველიანების პროცესი, მოეწყობა წყალარინების სისტემის მეშვეობით წყალსატევებში ჩაშვებული სითხის გასაფილტრი დანადგარები.