გორის მერიამ ახალ ბიუჯეტში, ტრანსპორტის სააგენტოსთვის მილიონ 600 ათასი ლარი გაითვალისწინა

395

ახლადშექმნილ ა(ა)იპ ტრანსპორტის სააგენტოს დაფინანსება 2021 წლის ბიუჯეტიდან 1 მლნ 600 ათასი ლარითაა გათვალისწინებული. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. 

სააგენტოს ხელმძღვანელის ზურაბ ჯირკველიშვილის განმარტებით, დაგეგმილია ტექნიკური პერსონალის გადამზადება, რის შემდეგაც ა(ა)იპ უკვე სრულყოფილად შეუდგება მუშაობას. ამ დროისთვის, ხელმძღვანელთან ერთად სააგენტოში სულ რამდენიმე თანამშრომელი მუშაობს, პარალელურად მიმდინარეობს მძღოლების შერჩევის და მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. ჯირკველიშვილის განცხადებით, თითოეული მათგანის სამუშაო გრაფიკი მინიმუმ 120 საათით იქნება განსაზღვრული და ანაზღაურებაც შესაბამისად გაიწერება.

ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, კონსკურსის შედეგად, სულ 120-მდე განაცხადი შევიდა, საიდანაც საწყის ეტაპზე 90 მძღოლი შეირჩა.

“მძღოლის ხელფასი დამოკიდებული იქნება მის სამუშაო რეჟიმზე, ზამთარსა და ზაფხულში განსხვავებული გრაფიკი იქნება. ზაფხულში შეიძლება მეტი დატვირთვა ჰქონდეთ და ხელფასიც მეტი ექნებათ, ზამთარში – ნაკლები. მინიმალური დრო იქნება 120 საათი. ამას დამატებული ბონუსები, ღამის მუშაობაზე, დაუგეგმავ მუშაობაზე და ა.შ.მაქსიმალური სამუშაო დრო იქნება, რასაც კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას და ანაზღაურებაც ამის მიხედვით განისაზღვრება”, – ამბობს ზურაბ ჯირკველიშვილი.