ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, „ენგურჰესის“ 3-4-თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. მანვე აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესის დროს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება და ანაზღაურებას დე ფაქტო რესპუბლიკის მიერ მოხდება.
„ენგურჰესი“ ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და გამომუშავება მინიმალურია. „ენგურჰესის“ 3-4 თვიანი გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია.
რაც შეეხება, ამ პერიოდში როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, იქ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ისინი იღებენ იმპორტულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც მათი მხრიდან ხორციელდება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ“,-აღნიშნა ნათია თურნავამ.
ის რომ „ენგურჰესის“ ნაწილში სარემონტო საუშაოები დაიწყებოდა, რამდენიმე წლის წინ გახდა ცნობილი. სპეციალისტებმა ჰესის დერივაციულ გვირაბში სარევიზიო სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყეს. მაშინ 15 კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბიდან წყლის დაცლას სამი დღე დასჭირდა. ჰესი ამ პერიოდშიც გაჩერებული იყო და ელექტროენერგიას არ გამოიმუშავებდა.
ოკუპირებულ რეგიონს დენით თბილისი, ვარდნილჰესის დახმარებით და ნაწილობრივ რუსეთიც ამარაგედნენ.