აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაციის კუთხით სტაბილიზაცია შეინიშნება.
მისი თქმით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ახალ შემთხვევებთან შედარებით ორჯერ მეტია.
მინისტრი აცხადებს, რომ კოვიდ კლინიკებსა და კოვიდ სასტუმროებში ყოველდღიურად თავისუფალი ადგილები იზრდება და სამინისტრო რამდენიმე კოვიდ სასტუმროს დახურვას გეგმავს.
„უკანასკნელ პერიოდში ეპიდსიტუაციის სტაბილიზება შეინიშნება, დღე-ღამის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 212 იყო და ორჯერ მეტი გამოჯანმრთელებული გვყავდა. 412 გამოჯანმრთელდა და ჯამში, რეგიონში 25 ათასი პირი გვყავს გამოჯანმრთელებული.
ტესტირება გაფართოებული ფორმატით მიმდინარეობს და ამაში ყველა პოლიკლინიკა არის ჩართული. ყოველდღიურად 1700-1800 ტესტირება ტარდება და შაბათ-კვირის ინტენსივობა შედარებით დაბალი იყო.
ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით დაბალია, თუკი ის 30-35 პროცენტი იყო, ახლა 20- ზე არის დასული, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროგნოზი არ გვაძლევს იმის საშუალება, ვისაუბროთ რაიმე ხანგრძლივ ტენდენციებზე.
მიმდინარე კვირა ისევ კრიტიკული გახლავთ და შემთხვევების რაოდენობა აბსოლუტურად განსაზღვრავს მომდევნო ტენდენციას. თუკი აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება, მკვეთრად გამოხატული კლებადი ტენდენცია – ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც იქნება კეთილსაიმედო.
ჯერჯერობით მოსახლეობას ყველა წესის მკაცრად დაცვისაკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა ნიჟარაძემ.
მისივე თქმით, სტაციონარებში, დაახლოებით, 200 თავისუფალი საწოლია ყოველდღიურად.
„ასევე თავისუფალი ნომრები კოვიდ სასტუმროებშიც გვაქვს, ვგეგმავთ რამდენიმე კოვიდ სასტუმროს დახურვას“, – განაცხადა ნიჟარაძემ.