ოთხი ჩავარდნილი ტენდერი და სარისკო ხიდი ბათუმში

458

ოთხი ჩავარდნილი ტენდერი და ბარცხანის ხიდი, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია. რეაბილიტაციას მოსახლეობა წლებია, უშედეგოდ ითხოვს. ხიდის მონაკვეთები კი დროდადრო იშლება და მასზე გადაადგილება როგორც ავტომობილების, ისე ფეხით მოსიარულეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

ბარცხანის ხიდი, საბჭოთა კავშირის პერიოდის ნაგებობაა. მას კაპიტალური რეაბილიტაცია დღემდე არ ჩატარებია. გადასასვლელი იმდენად დაზიანებულია, რომ უკვე ქვები ცვივა. მოქალაქეები ამბობენ, რომ წვიმისას, წყალი ჟონავს და ხიდის ქვეშ ტერიტორია იტბორება.

მოსახლეობა კონსტრუქციის დაშლას წლებია ითხოვს. ამბობენ, რომ ავარიულობის გამო, ბავშვების გარეთ გაშვება, მით უფრო სათამაშოდ, უჭირთ. ხიდის სიახლოვეს, მძღოლებს მანქანების გაჩერებისაც ეშინიათ.

ხიდის რეაბილიტაციისთვის, პროექტი რამდენიმე წლია მზად არის. მის შესაძენად, მერიამ 70 ათასი ლარი გადაიხადა. ტენდრიც 4 ჯერ გამოცხადდა. ბოლოს მიმდინარე წლის 13 ნოემბერს, თუმცა მონაწილეობა არავის გამოუთქვამს.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ მესამე შესყიდვისას გამარჯვებული გამოვლინდა, თუმცა ხელშეკრულება არ გაფორმდა, რადგან აღმოჩნდა, რომ კომპანიას, შესაბამისი ტექნიკური რესურსი არ გააჩნდათ. უკანასკნელ წარუმატებელ შესყიდვას კი სულხან ევგენიძე პანდემიას უკავშირებს.

ბათუმის მერია ახლა იძულებულია, ხიდის რეაბილიტაცია ისევ სამომავლოდ გადადოს. სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება ღირებულებაც – მილიონ  069 100 ლარი.