„აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი და შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი განიხილება

332

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და მისი შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი რომანაძის მიერ წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ბიუროს 27-ე სხდომაზე ერთხმად მიიღეს.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განმარტებით, კანონის პროექტსა და მის თანმდევ დოკუმენტზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს, ისევე როგორც 2016-2020 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს მიერ დაწყებულ სხვა ინიციატივებზე.

,,ბიუროს წევრებმა ცნობად მიიღეს გიორგი რომანაძის მიერ სხდომაზე გამოტანილი 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა. სხდომაზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს უმაღლესი საბჭოს 2020 წლის ბიუჯეტის დეტალურ განწერაში შესატან ცვლილებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს აპარატის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ წარმოადგინა. 2016-2020 წლების მოწვევის უმაღლესი საბჭოს ბიუროს ბოლო სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ კოლეგებს მადლობა გადაუხადა გაწეული კანონშემოქმედებითი საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო ერთ-ერთი აქტიური და წარმატებული იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.