პოლიტიკურმა გაერთიანებამ – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა.
შესაბამის წერილს, რომელიც 12 დეკემბრით თარიღდება, ხელს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აწერს.
გიორგი გახარია მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე კვირაში წარუდგენს.
ქვეყნის მთავრობა ახლა მოვალეობის შემსრულებელია. პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე, მოქმედი მთავრობა უფლებამოსილებას იხსნის. მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს უნდა წარედგინოს მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან არაუგვიანეს მეცხრე დღისა. საკითხს კომიტეტები და ფრაქციები განიხილავენ და შესაბამის დასკვნებს პარლამენტის ბიუროს წარუდგენენ.
შემდეგ, ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევა და კენჭი ეყრება. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.