ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს.
დღეს ბათუმში, ოპოზიციამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ და მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. მოგვიანებით, აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განმარტებით, აქციის მონაწილეები ტერიტორიის დატოვების თაობაზე სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და პოლიციელებს ხელს უშლიდნენ. მისი თქმით, არეულობის შედეგად ასევე ერთი სამართალდამცველი დაშავდა.
ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიცია საპროტესტო აქციებს პერიოდულად მართავს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ აჭარაში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა სურთ.