კობახიძე: თვითმმართველობის არჩევნებზე საარჩევნო ცენზის დამრღვევ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმდება

790

როდესაც არჩევნებში, ლიდერის სახით მონაწილეობს არამოქალაქე პირი და აქვს მისჯილი თავისუფლების აღკვეთა საარჩევნო კამპანიის დროს, ის უფრო მეტად უნდა იყოს სანქცირებული ვიდრე 2 000 ლარია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობისთვის“ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმ შემთხევაში თუ პირი, არ აკმაყოფილებს საარჩევნო ცენზებს და როგორც პარტიის ლიდერი ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში, პარტიას უნდა გაუუქმდეს რეგისტრაცია.

„თუ ვნახავთ იგივე სურათს თვითმმართველობის არჩევნებზე, რაც ხდებოდა 2020 წელს, როცა სააკაშვილი იყო დასახელებული პრემიერობის კანდიდატად, ასევე, ახმოვანებდა საარჩევნო კლიპებს და ა.შ. ასეთ შემთხვევაში გაუქმდება იმ პარტიის საარჩევნო რეგისტრაცია“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუცია დაარღვია.

„ესაა კონსტიტუციის დარღვევა. უბრალოდ საარჩევნო კოდექსი არ შეიცავს ამ დარღვევის საწინააღმდეგო მექანიზმს. ერთადერთი მექანიზმია 2000 ლარიანი ჯარიმა. როცა საუბარია კონსტიტუციის დარღვევაზე, ბუნებრივია ჯარიმა არ შეიძლება იყოს 2000 ლარი. როდესაც საარჩევნო კამპანიაში ლიდერის სახით მონაწილეობს არამოქალაქე პირი და რომელსაც აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი, ის უნდა იყოს სანქცირებული უფრო მეტად ვიდრე 2 000 ლარია“, – აღნიშნა კობახიძემ.