პარლამენტი მზად არის, მხარი დაუჭიროს 2020-2024 წლებში ეკონომიკური რეფორმების გატარებას,- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სანამ მას პარლამენტის თავმდჯომარედ აირჩევდნენ.
მისი თქმით, პარლამენტი აპირებს მხარი დაუჭიროს კერძო სექტორის მხარდამჭერი და ინოვაციური პროექტების დაფინანსებას, სოფლის მეურნეობის განვითარების ფინანსურ და ტექნიკური მხარდაჭერას, მსხვილი ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, წყალმომარაგების, გაზიფიცირების, ელექტროენერგიისა და სწრაფ ინტერნეტზე წვდომის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდილ შემოსავლებს სოფლად მაცხოვრებლებისთვის, სოფლების განვითარებას, ეკონომიკის გაჯანსაღებას და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.
“სახელმწიფოს ანტიკრიზისული პოლიტიკა და ეკონომიკური გეგმა მიმართულია ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისკენ, ასევე, ეკონომიკის სტაბილიზაციისა და სწრაფი აღდგენისკენ. სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კორონავირუსით დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მოქალაქეებს და მეწარმეებს გადასახადები გადაუვადდათ, მოხდა ოჯახებისთვის კომუნალური ხარჯების სუბსიდირება, განსაკუთრებით შეჭირვებულ ოჯახებს გაეწიათ ფინანსური დახმარება, თვითდასაქმებულებმა მიიღეს მხარდაჭერა, შენარჩუნდა კაპიტალური პროექტების დაფინანსება, შემუშავდა საკრედიტო-საგარანტიო სქემა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის, მოხდა სესხების გადავადება, ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასების შესანარჩუნებლად გამოიყო დაფინანსება, პენსიების ინდექსაციის წესი ამოქმედდება 2021 წლის იანვრიდან, ჩვენ შევძელით სასოფლო-სამეურნეო, ტურიზმის, დეველოპერული სექტორების მხარდაჭერა და 17 წლის ასაკის ჩათვლით ყველა ბავშვზე ფინანსური დახმარების მობილიზება”,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.