ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს სხდომას მერის რანგში პირველად დაესწრო.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ხახალეიშვილმა ქალაქის განვითარების საკუთარ ხედვასა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
,,კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერებს იმისთვის, რომ მაქვს პატივი, ვიყო ამ ძირძველი ქალაქის მერი. მათ კი, ვინც ხმა არ მომეცით, ნამდვილად ვერ გისაყვედურებთ ამისთვის. თუმცა, ქუთაისის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯებით აუცილებლად დაგარწმუნებთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება სწორი არ იყო. ასევე, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდს და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს გამოცხადებული ნდობისთვის. მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა დღეს პანდემიით გამოწვეული განსაცდელის წინაშე დგას, თუმცა უნდა ვეცადოთ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური ზიანით გამოვიდეთ და ამისთვის ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. ეს განსაცდელი, ბევრ ჩემს თანაქალაქელთან ერთად, მეც გამოვიარე და მადლობა ღმერთს, რომ დღეს თქვენ წინაშე დგომის შესაძლებლობა მომეცა. მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდოთ, მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები და რისკის ქვეშ არ დავაყენოთ არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ვიდრე სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებდეთ, მანამდე მინდა გაგაცნოთ ჩემი დამოკიდებულება რამდენიმე საკითხთან მიმართებაში, რომელიც ჩემი საქმიანობის მანძილზე ყოველთვის საბაზისო იყო და ჩვენ შორის არსებულ ურთიერთობებში, მუდამ პრიორიტეტული იქნება. განსხვავებულ პოზიციათა ჭიდილი ხშირად ქმნის არაპოლიტკორექტულ გარემოს, სადაც ოპონირების ფორმები სცდება ეთიკით გათვალისწინებულ ჩარჩოებს, ადგილი აქვს შეურაცხყოფას, სიძულვილის ენით საუბარს, ერთმანეთის დაცინვას.
ქუთაისისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა, როცა ქუთაისელები ერთმანეთს სიძულვილის ენით ესაუბრებიან. ეს დრო და ენერგია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას უნდა მოხმარდეს და არაკორექტული დისკუსია საქმეზე ორიენტირებული დისკუსიით უნდა ჩავანაცვლოთ. რომელ პარტიასაც არ უნდა წარმოვადგენდეთ, უნდა დავრჩეთ კარგ ქუთაისელებად, ამ ქალაქზე გულწრფელად მზრუნველ ადამიანებად. პატივისცემით, ერთმანეთის გვერდით დგომით ვაშენოთ ეს ქალაქი და ვიზრუნოთ ხალხზე. ჩვენ გვაქვს ბევრი გეგმა, ჩანაფიქრი, სურვილი, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ქალაქისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, მათ შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები – ევროპული სტანდარტების საცურაო აუზი, საფეხბურთო აკადემია, ცენტრალური მაგისტრალების რეაბილიტაცია, მომავალ წელს იგეგმება სოციალურად დაუცველთა საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია, ნახევარი მილიონით იზრდება სოციალური ბიუჯეტი, ასევე შეძენილი იქნება ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციის პროექტი. 2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს და ეს იქნება საერთაშორისო დონის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმისა, რის გაკეთებას ვგეგმავთ. თუმცა, ყოველი დღე, რა თქმა უნდა, ქალაქზე და ქუთაისელებზე ზრუნვის და მათთვის მუშაობის დღე იქნება,”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.