„ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი კახიანი იმედოვნებს, რომ სრულად ოპოზიცია თუ არა, მისი ნაწილი პარლამენტში შევა.
როგორც კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციამ იცის, რომ მათი სცენარი გაყალბებული არჩევნების შესახებ უსაფუძვლოა, „საბოლოოდ ოპოზიციას ვიხილავთ პარლამენტში“.
„იმედი მაქვს, ოპოზიციას უახლოეს დღეებში ვიხილავთ პარლამენტის რიგებში. თუ სრულად ოპოზიციას არა, ოპოზიციის დიდ ნაწილს მაინც. სხვა შემთხვევაში, ის კვოტები, რომელიც ოპოზიციისთვისაა განკუთვნილი, უბრალოდ შეუვსებელი იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, ასე არ მოხდება და თუ მთლიანად ოპოზიციას არა, მათ ნაწილს მაინც ვიხილავთ პარლამენტში. ამის მოლოდინი მაქვს იმიტომ, რომ არც ისეთი ცუდი წარმოდგენა მაქვს ოპოზიციის ერთ ნაწილზე მაინც, რომ საბოლოოდ მათ არ მიიღონ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება, არა მარტო ზოგადად, პარლამენტისთვის და ქვეყნისთვის, არამედ თავიანთი თავისთვისაც. ამიტომ, საბოლოო ჯამში, მგონია, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს ოპოზიციის რიგებში, აშკარაა, რომ ოპოზიციის რიგებშიც ამ საკითხზე არაა ერთნაირი დამოკიდებულება, მათი ერთი ნაწილი, აშკარაა, თვლის, რომ სწორი იქნება საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობა და იმედი მაქვს, ეს ნაწილი განთავისუფლდება მეორე მხრის გარკვეული გავლენისგან და თუ სრულად ოპოზიცია არა საბოლოო ჯამში, მათი ერთი ნაწილი მაინც იქნება პარლამენტში წარმოდგენილი“,- განაცხადა კახიანმა.
რაც შეეხება იმას, უქმნის თუ არა დისკომფორტს მმართველ გუნდს ერთპარტიული პარლამენტი, კახიანი ამბობს, რომ როდესაც საერთაშორისო შეფასებების ფონზე ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ეს მათი მხრიდან არასწორი გადაწყვეტილების მიღებაზე მეტყველებს.
„არაორდინალურ სიტუაციაში ვართ. ერთი მხრივ არის ჩატარებული არჩევნები, რომელზეც მთლიანად საერთაშორისო არენაზე, თუ ვინმემ განცხადება გააკეთა ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ყველამ თქვა, რომ ეს არჩევნები არის ლეგიტიმური. ყველამ ისაუბრა არჩევნების კონკურენტიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებაზე, იმაზე, რომ არჩევნები ჩატარდა ყველა ფუნდამენტური უფლების დაცვით. როდესაც ამ ფონზე, ოპოზიცია ამ ეტაპზე პარლამენტში არ შემოდის, ცხადია, ეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის ოპოზიციის მხრიდან მიღებული არასწორი გადაწყვეტილება, ამიტომ, საბოლოო ჯამში, მაინც მგონია, რომ რაციონალური და სწორი აზრი ოპოზიციაში გაიმარჯვებს. მათაც ძალიან კარგად იციან, რომ ე.წ. გამოგონილი სცენარი ვითომ გაყალბებაზე, უსაფუძვლოა, ამიტომ საბოლოოდ საღი აზრი გაიმარჯვებს და ოპოზიციას ვიხილავთ პარლამენტში“,- განაცხადა კახიანმა.