„სიტყვის ხალხი ვართ და რასაც ვამბობთ, იმას ვაკეთებთ ყოველთვის, რადგანაც ვთქვით, რომ იმ პროცესში, რაც პარლამენტის ბოიკოტს გულისხმობს, ე.ი. ვმონაწილეობთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენლმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის გუშინდელმა განცხადებამ, დესტრუქცია გამოიწვია და მოლაპარაკების პროცესი, ფაქტიურად გაჩერდა.
„დღეს მოლაპარაკებები არ შედგა, ხვალ კი პარლამენტის პირველი სხდომაა და ორშაბათს არის მოლაპარაკებები. ეს რას ნიშნავს? ფაქტობრივად, როგორც ჩანს, ამ მოლაპარაკებების კარგად დასრულება არავის აინტერესებს. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საბოტიჟირება გააკეთა“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
„ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი დღეს აღარ გაიმართება.
მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ მიუხედავად ზოგიერთი ოპოზიციონერის მცდელობისა, ჩაშალონ მოლაპარაკებები, მხარეები შეთანხმდებიან.
ოპოზიცია კი მოთხოვნებს არ ცვლის. ისინი, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პარლამენტში შესვლას გამორიცხავენ. მოლაპარაკების ჩაშლისა და საბოტაჟის სურვილში ამხილა ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველო“.