ელისაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართ, ოღონდ დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო

358

ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რიგგარეშე არჩევნებზეც თანახმა ვართ, ოღონდ ნებისმიერი ფორმით გადავთვალოთ და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო, – ამის თაობაზე „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა “ფეისბუქ“ მიმართვაში განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სრული პასუხისმგებლობით შეუძლია ასევე იმის თქმა, რომ მოთხოვნათა 99%-ს, რაც საარჩევნო კომისიასა და საარჩევნო წესებს ეხება, “ქართული ოცნება“ ეთანხმება და ოპოზიციას დასტური მისცა.

“ბოლო შეხვედრაზე “ქართულმა ოცნებამ” გვითხრა, რომ რიგგარეშეზეც თანახმა ვართო, ანუ 4 საკითხიდან გვითხრეს, რომ ოთხივეზე თანახმა ვართო, ოღონდ გადავთვალოთ ნებისმიერი ფორმით და დაგვიდასტურეთ, რომ 1% მაინც გაყალბდაო. ხომ ამბობთ, რომ გაყალბდაო, დაგვიდასტურეთო, რა გიშლით ხელსო, როგორც გინდათ, ისეო. ჩვენ ვუთხარით, რომ ცესკოს მონაცემებით ვერ გადავთვლით, იმიტომ, რომ იქ სუს-მა გადაწერა, გადახატა და გადააფერადა ის ყველაფერიო, კი ბატონოო, არ ენდობით, ნუ ენდობითო, რასაც ენდობით, ის მოგვიტანეთო, ამაზე მეტი რა უნდა თქვან? აი, გულზე ხელი დავიდოთ”, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე მტკიცებით, ორივე მხარე თითქმის ყველაფერზე შეთანხმა, თუმცა ევროპულმა საქართველომ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

“ანუ წარმოიდგინეთ, მთელი 1 თვე რაზეც მოლაპარაკებები მიდის, რაზეც ვჩხუბობთ ოპოზიცია და რასაც ვითხოვთ, ოთხივე საკითხზე, პრინციპში ოთხივეზე შეთანხმებულები ვართ და რა ხდება ახლა? ბოკერიას და უგულავას ხალხი ამბობენ, რომ ამაზე ხელს არ მოვაწერთო. ანუ რა არის ახლა ეს, შეთანხმება ხომ არის, უნდა მოაწერო ხელი, შეხვიდე პარლამენტში, ხელმოწერის შემდეგ და პირობების შესრულება რომ დაიწყება, აქ ხდება ყველაზე უცნაური ამბავი, რომ ბოკერიას პარტია, რომელსაც ევროპული საქართველო ჰქვია, მაგრამ მავნებელი საქართველოა სინამდვილეში და ბნელი საქართველო. როგორც ოპოზიციის შიგნით, ასევე მოლაპარაკებებზე ცდილობდა მოლაპარაკებების ჩაშლას, თავიდან ბოლომდე, პირველი დღიდან, პირველი წინადადებიდან იძახდა, რომ არ გვინდა, არ გვინდაო”, – ამბობს ელისაშვილი.

ელისაშვილი პირველია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, ვინც ღიად თქვა, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა პარტიები ამ დრომდე საჯაროდ კვლავ ბოიკოტს ემხრობიან იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მისაღები შეთანხმება არ შედგა. პარტიების უმრავლესობა შეთანხმების ნაწილად განიხილავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის დანიშვნაც შესთავაზა. ამ ეტაპზე ხელისუფლება არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას არ განიხილავს. საარჩევნო რეფორმა მოთხოვნების კიდევ ერთი ნაწილია – აქ მმართველი გუნდი ამბობს, რომ შეთანხმების მეტი სივრცეა.

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ხვალ შეიკრიბება.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც 31 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. ხელისუფლება საპირისპიროს იმედოვნებს. მხარეებს შორის, ფასილიტატორი ელჩების მონაწილეობით, შეხვედრები მიმდინარეობს.