პირველი ორი კომპონენტი – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ზურგშექცეული „ქართული ოცნების“ მიერ, აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ დარჩება მარტო არაფორმალური მმართველის პირობებში და მიიღებს ერთპარტიულ პარლამენტს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ლელოს“ ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში მესამე კომპონენტს, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ითვალისწინებს, აზრი არ აქვს.
„საზოგადოებამ იცის, რომ მოთხოვნილია რიგგარეშე არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. მესამე კომპონენტი, რომელიც გულისხმობს ცესკოს ცვლილებას, საარჩევნო სისტემის რევიზიას ანუ რეფორმირებას, მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ განიხილება რაიმე სახის გადაწყვეტილება, თუ პირველი და მეორე კომპონენტი არ იქნება დაკმაყოფილებული – რიგგარეშე არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება. ეს პირველი და მეორე კომპონენტი – რიგგარეშე არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება როცა არ განიხილება „ქართული ოცნების“ წიღში, მესამეს აზრი არ აქვს საერთოდ. მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის მთელი რიგი პარტიების მყარი გადაწყვეტილების თაობაზე, რომ არ შედის მოპარული არჩევნების შედეგად პარლამენტში, ივანიშვილს არ დაუკანონებს არჩევნებს, რომელიც მან არ ჩაატარა. რაც შეეხება დეტალებს, რომელიც დამატებით აინტერესებს საზოგადოებას, ცნობილი გახდება. ელჩებთან შეხვედრა დაიწყო, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ და ყველაფერი გეცოდინებათ, თუ გვინდა პრობლემების მოგვარება ერთადერთი გამოსავალი არის რიგგარეშე არჩევნები, მის გარეშე პრობლემა ვერ გადაწყდება. როცა ქვეყანაში არ ტარდება თავისუფალი არჩევნები ეს ქმნის პრობლემას და არა ბოიკოტი, ბოიკოტი არის სამართლიანი პოზიცია, რადგან გამართლება იმ შედეგებისა, რომელიც ივანიშვილმა დაწერა, არის შეუძლებელი და არავინ ვაპირებთ,“- განაცხადა მელიამ.