მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის ფორმირება ახალი წესით მოხდება

344

მეათე მოწვევის პარლამენტში ფრაქციის ფორმირება ახალი წესით მოხდება. ფრაქციის შექმნის უფლება ახლა უკვე პარლამენტის არანაკლებ შვიდ წევრს აქვს. ასევე, კონსტიტუციითა და რეგლამენტით, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია.

აღნიშნული ჩანაწერი კი იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნება“ და პარლამენტში შესვლის შემთხვევაში, “ნაციონალური მოძრაობა“ ერთზე მეტ ფრაქციას ვერ შექმნიან, თუმცა იმ პარტიებს, რომელთაც ფრაქციის ფორმირებისათვის საკმარისი შვიდი მანდატი ვერ მიიღეს, საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში, ერთობლივი ფრაქციების ჩამოყალიბება შეეძლებათ და რეგლამენტის ჩანაწერი მათ ამაში ხელს ვერ შეუშლის.

ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის გარდამავალ დებულებებში წერია, რომ საარჩევნო ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიას ფრაქციის შექმნის უფლება აქვს იმ შემთხვევაში, თუკი ბლოკის საარჩევნო სიაში ამ პოლიტიკური პარტიის მიერ შეყვანილი პარლამენტის წევრობის კანდიდატთაგან შვიდი მაინც იქნა პარლამენტის წევრად არჩეული.