ბათუმში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები და გარემოვაჭრეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ, რადგან ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა.
მათი თქმით, თევზის პროდუქტებით ვაჭრობის გამო, არასასიამოვნო სუნია. ისინი ბათუმის მერიას დახმარებას სთხოვენ.
„ყოველდღე გვიწევს აუტანელი სუნის და ანტისანიტარიის პირობებში ცხოვრება. არ მივცემთ დახლების დალაგების საშუალებას. გადაიყვანონ ეს ხალხი სხვა ადგილას. კი, გვესმის, უჭირს ყველას, მაგრამ ჩვენ რა დავაშავეთ? არაერთხელ მივმართეთ მერიას და მუნიციპალურ ინსპექციას, რამდენჯერმე აალაგეს დახლები და აუკრძალეს აქ ვაჭრობა, მაგრამ გარევაჭრობა მაინც გრძელდება”, – აცხადებს წერეთლის ქუჩის მცხოვრები ზაზა ბოლქვაძე.
თავის მხრივ, თევზით მოვაჭრეები ამბობენ, რომ ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ, რადგან შემოსავლის ერთადერთი ადგილია. მათი თქმით, პანდემიის გამო წასასვლელი არსად აქვთ.
„ეს არის ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო. ისედაც გაჭირვებული ვიყავით და ამ პანდემიის და აკრძალვების გამო ლუკმა- პურის გარეშე დავრჩით. გვესმის აქ მცხოვრები ხალხის, ვიცით სუნია, ჩვენც არ გვსიამოვნებს ეს სუნი, მაგრამ ჩვენიც გაიგონ. აქედან რომ წავიდეთ, შიმშილით უნდა მოვკვდეთ. ბაზარში შედით და ივაჭრეთო. იქ არავინ დადის, პროდუქციის რეალიზაციას ვერ მოვახერხებთ და გადასახადებიც დიდია”, – აცხადებს მოვაჭრე ნარგიზ ბერიძე.
ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეების ბაზარში გადასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.