“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება, განათლების და კულტურის სამინისტრომ არ დაადასტურა. საუბარია გორში, სამეფოს 70-ში მდებარე ობიექტზე, სადაც ახლა კერძო მესაკუთრე სავაჭრო ცენტრს აშენებს. კულტურის სამინისტროს განმარტებით, წლების წინ შეძენილ ობიექტზე, მესაკუთრემ მისი შინაარსობლივი დატვირთვის კუთხით გადაწყვეტილება რამდენჯერმე შიცვალა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ბოლო პერიოდში კი მოხდა შეთანხმება, რომ აქ სავაჭრო ცენტრს ააშენებდა, ოღონდ იმ პირობით, თუ მის წინა ფასადს და გვერდით ნაწილს შეუნარჩუნებდა. უწყების ცნობით, ეს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, იცვლება მხოლოდ მისი ფუნქციური დატვირთვა. სამინისტროს წარმომადგენლის, ბექა ბარამიძის განცხადებით, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები გორში, სამეფოს 70-ში მათი უწყების ნებართვის შესაბამისად მიმდინარეობს.
“მესაკუთრემ რამდენჯერმე დააკორექტირა საპროექტო განაცხადი, საბოლოოდ გადაწყვიტა რომ მის მიერ შეძენილი უძრავი ქონება სავაჭრო ცენტრისთვის დაეთმო. ამჟამად იქ სამშენებლო სამუშაოები ჩვენი უწყების მიერ გაცემული ნებართვის ფარგლებში ხორციელდება. ამ ობიექტს ძეგლის სტატუსი უნარჩუნდება. არც არასდროს მოხსნია და ვერც მოეხსნება,” – ამბობს ბექა ბარამიძე.