ყველა შენობა, გარდა ინდივიდუალური სახლისა, 1 მარტიდან შშმ პირებისთვის ადაპტირებულად უნდა აშენდეს

451

4 დეკემბრის #732 მთავრობის დადგენილებით მისაწვდომი ეროვნული სტანდარტები დამტკიცდა, რაც ნიშნავს, რომ არცერთი შენობა-ნაგებობა თუ ინფრასტრუქტურული მოწყობა, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლისა, ვერ განხორციელდება ყველა კატეგორიის ფიზიკური შესაძლებლობების მქონე ადამიანის საჭიროების გათვალისწინების გარეშე. ამის შესახემ ინფორმაციას ღია საზოგადოების ფონდი ავრცელებს.

მათი ცნობით, ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 1 მარტიდან შევა და ამ პერიოდის შემდეგ გაცემულ სამშენებლო ნებართვებს შეეხება.

“შესაბამისად, რეგლამენტში წარმოდგენილი ტექნიკური კრიტერიუმები ადგილებს, საშუალებებს, შენობებსა და ელემენტებს იმ ადამიანებისთვის მისაწვდომსა და გამოყენებადს ხდის, რომელთაც ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, სიარულისას დამოკიდებულნი არიან დამხმარე საშუალებებზე, არიან უსინათლონი და მცირემხედველნი, ყრუ და სმენადაქვეითებულნი, არ შეუძლიათ კოორდინაცია, არ შეუძლიათ რამესთან მიღწევა და მანიპულაცია/ხელის მტევნისა და თითების მოძრაობა, ნაკლებ ამტანები არიან, უჭირთ გრძნობიერი ინფორმაციის გადმოცემა და მასზე რეაგირება და ახასიათებთ ფიზიკური ზომის უკიდურესობები”, – აცხადებს ღია საზოგადოების ფონდი.

მათი ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც რეგლამენტში ყველა კატეგორიის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებებია გათვალისწინებული.