2020 წლის მარტიდან ოქტომბრამდე საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ღია საზოგადოების ფონდმა 1.5 მილიონი აშშ დოლარი გამოყო

1084

2020 წლის მარტიდან ოქტომბრამდე კოვიდ-19 ინფექციის გავრცელების პრევენციისა და პანდემიით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით ღია საზოგადოების ფონდმა საქართველოში 1.5 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის დაფინანსება გამოყო.

“კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის გაწეულმა მხარდაჭერამ რამდენიმე მიმართულება მოიცვა, მათ შორის მშრომელთა უფლებების დაცვა, სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებები, ჯანდაცვის ინსტიტუციების და სამედიცინო პერსონალის გაძლიერება, ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და რეგიონული მოსახლეობის ინფორმირება, უფასო სამართლებრივი და ფსიქოლოგიური სერვისები მოქალაქეებისთვის, მოსწავლეების ხელშეწყობა ონლაინ სწავლების პროცესში.

გადამზადდა 1000-მდე ექიმი 60 საავადმყოფოდან და შემუშავდა გზამკვლევები, შეიქმნა უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისები შრომის უფლებადარღვეული, შემოსავლის გარეშე დარჩენილი და საკრედიტო ვალდებულების მქონე მოქალაქეებისთვის, შეიქმნა ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი და დისტანციური კონსულტაციის სერვისი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირდაპირი დახმარება მიიღო ათასობით მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა მოქალაქემ. ოქტომბრის თვიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ფონდის დახმარებით დაიწყო სეროლოგიური კვლევა კოვიდ-19 ინფიცირებული პაციენტების იმუნური რეზისტენტობის დასადგენად”, – განმარტავენ ფონდში.

მათივე ინფორმაციით, ამ პერიოდში ღია საზოგადოების ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება ფონდის სტრატეგიით გათვალისწინებულ ბიუჯეტზე დამატებას წარმოადგენს და საგანგებოდ კოვიდ-19 შედეგებთან გამკლავებისთვის არის გამიზნული.

“ფონდის სტრატეგიისა და მიდგომის გათვალისწინებით მთავარი აქცენტი ყველაზე დაუცველ მოქალაქეებსა და ყურადღების მიღმა დარჩენილ ინსტიტუციებზე გაკეთდა.

მადლობას ვუხდით ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, საინიციატივო ჯგუფს და მოქალაქეს, ვინც უდიდესი ძალისხმევა გაწია მოქალაქეების დასახმარებლად”, – ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნახეთ პანდემიის პერიოდში ღია საზოგადოების ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის ამსახველი ბროშურა ქართულად და ინგლისურად.