პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა გენდერულ კვოტებზე ინიციატივა მოიწონა

855

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საარჩევნო სიის გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

30 000 ამომრჩევლის მიერ ინიცირებულია ცვლილებები პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტის დაწესებას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, პარტიულ სიაში ყველა მეორე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. ცესკოს კი ენიჭება უფლებამოსილება, ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, პარტიის რეგისტრაციის განაცხადს ხარვეზი დაადოს, ხოლო თუ პარტიები ხარვეზს არ გამაოსწორებენ, უარი უთხრას რეგისტრაციაზე.

გარდა ამისა, თუ საკრებულოს ან პარლამენტის წევრი უარს იტყვის საკუთარ მანდატზე, ან სხვაგვარად შეწყდება მისი უფლებამოსილება, ის უნდა ჩანაცვლდეს სიაში მომდევნო, იმავე სქესის წარმომადგენლით, ხოლო თუ სიაში მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი არ არსებობს, მაშინ მანდატი უნდა გაუქმდეს.

„იმედი მაქვს პრინციპების და აქცენტების დონეზე ჩვენი კომიტეტი იქნება ერთსულოვანი. ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ ქალებს მიეცეთ შანსი უკეთესად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. ჩვენ უკვე მეორე მოსმენით მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, სადაც 2024 წლიდან განსაზღვრულია მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ის პროცენტული მაჩვენებელი, რაც დღეს პარლამენტში ქალთა რაოდენობას ასახავს, გაიზრდება, მით უფრო, თუ დაკომპლექტება იმ ტენდენციით გაგრძელდება, რაც უკვე დღეისათვის არსებობს. შესაბამისად, ქალთა მონაწილეობა ზოგადად, არჩევით ორგანოებში იქნება გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე არის დღეს,“ – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგოლ ლილუაშვილმა.

კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა, თუმცა, დასკვნის სახით საკუთარი შენიშვნებიც წარმოადგინა. კერძოდ:

  • კანონპროექტით შემოთავაზებულია, რომ პარტიული სიები უნდა დაკომპლექტდეს ისე, რომ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. კანონპროექტის ეს ჩანაწერი, ძალაში შესვლის შემთხვევაში, აზრს უკარგავს, საქართველოს ორგანული კანონის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ 30-ე მუხლის 71 პუნქტს, რომლის თანახმადაც, პარტია მიიღებს საბაზო დაფინანსების 30 % დანამატს, თუ კანდიდატთა პირველ, მეორე და ყოველ მომდევნო ათეულში ერთიმეორისაგან განსხვავებული სქესი წარმოდგენილი ეყოლება სულ მცირე 30 %-ით.
  • კანონპროექტის თანხმად, პარტიული სიით არჩეული, გამოკლებული კანდიდატის ნაცვლად, მის ადგილს იკავებს მისი ადგილმონაცვლე, სიაში მომდევნო, იმავე სქესის კანდიდატი. თუ ის თანხმობას არ განაცხადებს მაშინ მისი მომდევნო, იმავე სქესის კანდიდატი და ა.შ. თუკი სიაში იმავე სქესის კანდიდატი აღარ არის, მანდატი უქმდება. კომიტეტის აზრით, უმჯობესი იქნება, თუ სიაში აღარ არის იმავე სქესის კანდიდატი, უფლებამონაცვლედ შევიდეს საპირისპირო სქესის კანდიდატი და მანდატი მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდეს, თუკი სიაში კანდიდატი საერთოდ აღარ იქნება დარჩენილი.
  • კომიტეტს მიაჩნია რომ, გენდერული კვოტირების მსგავსი მოდელის დაწესებისას, საარჩევნო ბლოკების შემთხვევაში, რთული იქნება ადგილმონაცვლეობის პროცესის განხორციელება.
  •  კომიტეტი მიიჩნევს რომ კანონპროექტის ფორმულირება, რომ პარტიული სიები დაკომპლექტდეს ისე, რომ სიაში ყველა მეორე კანდიდატი იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი, საჭიროებს გადამუშავებას, რომ მივიღოთ ქვოტირების უფრო მოქნილი სისტემა.

 

საკანონმდებლო ინიციატივას რამდენიმე დღის წინ მხარი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმაც დაუჭირა.