საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გენდერული კვოტირების საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა (Task Force) 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა.
ინიციატივის განხილვას ქალთა პოლიტიკური გაძლიერების მხარდამჭერები სპეციალური დრესკოდით ესწრებიან.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, თავად ის ინიციატივას მხარს არ უჭერს, თუმცა კომიტეტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განსახვავებული მოსაზრებებია.
„მე მგონია, რომ კვოტირება არის არასწორი და დისკრიმინაციული მიდგომა საკითხისადმი. ქალბატონებს პოლიტიკური რეალიზაციისთვის ჩვენ რეალურად უნდა შევუქმნათ პირობები და არა ასეთი იმპერატიული, საკანონმდებლო ნორმებით დავუდგინოთ. მე მგონია, რომ ეს არ არის სწორი და სამართლიანი მიდგომა, თუმცა კომიტეტის სახელით ვერაფერს გეტყვით, ვიცი, რომ უმრავლესობა უჭერს ამ ინიციატივას მხარს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, პარტიები და საარჩევნო ბლოკები ვალდებულნი იქნებიან საარჩევნო სია გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვით დააკომპლექტონ და სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ არჩეული წევრს რაიმე მიზეზით შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება, მაშინ დეპუტატის მანდატს იმავე სქესის რიგით მომდევნო კანდიდატი მიიღებს.
წყარო: ინტერპრესნიუსი