ეუთოს დამკვირვებლები წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს იწყებენ

606

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის დამკვირვებლებმა თბილისში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა კორიენ იონკერმა ჟურნალისტებს სადამკვირვებლო მისიის როლი და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

“მე-14 არჩევნებია, რომელსაც ეუთო აკვირდება. აქ ხელისუფლების მოწვევით ვიმყოფებით. მისიის განმავლობაში ყველა პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას შევხვდებით. ჩვენი მთავარი როლია დავაკვირდეთ არჩევნებს და შემდეგ ანგარიში მოვამზადოთ.

ჩვენ შედეგი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს ვინ გაიმარჯვებს. არამედ გვაინტერესებს, როგორ იქნება დემოკრატიული პროცესები დაცული. ჩვენი მანდატი გულისხმობს არჩევნების შეფასებას. შევაფასებთ საკანონმდებლო ჩარჩოს, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, მედიის გაშუქებას”, – თქვა კორიენ იონკერმა.

კორიენ იონკერის თქმით, ეუთოს დამკვირვებელთა ძირითადი გუნდი თბილისში იმუშავებს – 14 ექსპერტი აქტიურად დააკვირდება პროცესებს, ორშაბათიდან კი საქართველოში ეუთოდან დამკვირვებელთა კიდევ 22-კაციანი გუნდი ჩამოვა, ისინი საქართველოს რეგიონებში გადანაწილდებიან.

“არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად ეუთოს ქვეყნებს მივმართავთ თხოვნით 350 დამკვირვებელის გამოგზავნაზე, ასევე ვითანამშრომლებთ კონგრესის წარმომადგენლებთან. რამდენიმე კვირის განმავლობაში შუალედურ ანგარიშს გამოვაქვეყნებთ. არჩევნების დღესაც ჩვენს რეკომენდაციებს გავცემთ. არჩევნებიდან 8 კვირაში კი საბოოლო ანგარიში და რეკომენდაციები იქნება ცნობილი, რომელიც ხელისუფლებას წარედგინება განსახილველად”, – განაცხადა კორიენ იონკერიმ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო: იმედი