„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია სააგიტაციო პლაკატების დემონტაჟის თაობაზე თბილისის მერის და პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის მიერ დაყენებულ ინიციატივებს გამოეხმაურა. ისინი მზად არიან, ამ ვალდებულების შესრულებას დღეიდანვე, აქტიურად შეუდგნენ და დაიწყონ ქალაქის ქუჩების კედლების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლება.
„ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია სხვა პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებსაც მოუწოდებს, შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, რათა დროულად დაუბრუნდეს ქალაქს ჩვეული იერსახე.
„მოგეხსენებათ, თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული პანდემიასთან ბრძოლაში. ვირუსის გავრცელების პირველი ტალღისას, მერიის და უშუალოდ მერის მხრიდან არაერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო პროგრამა განხორციელდა. მოსახლეობის მხარდაჭერისთვის ხდებოდა ოჯახებისთვის სურსათის დარიგება, საბავშვო ბაღებიდან ბავშვებისთვის პროდუქტების მიწოდება თუ სხვა.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, ჩვენს ქვეყანაში კოვიდ 19-ის გავრცელების პირველივე დღეებიდან ჩაერთო მოხალისეობრივ საქმიანობაში, ჩვენი ინიციატივით შეიქმნა მოხალისეთა ერთიანი შტაბი, რომელშიც 3000- ზე მეტი მოხალისე დარეგისტრირდა.
მარტიდან მოყოლებული დღესაც, ასობით მოხალისე თბილისსა და რეგიონებში მონაწილეობს პროდუქტების დარიგებაში, საინფორმაციო კამპანიებსა და სხვადასხვა აქტივობებში. ახალგაზრდები ეხმარებიან მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
ახალგაზრდული ორგანიზაცია როგორც პირველი ტალღის დროს, დღესაც მზად არის და სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას თბილისის მერიის მიერ სურსათის დარიგების პროგრამაში და ნებისმიერ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რომელიც შეიძლება სხვადასხვა უწყებებს დასჭირდეთ. მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა და თანადგომა, ახალგაზრდებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს. „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ აქტივობაში, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისკენ იქნება მიმართული. მოვუწოდებთ ყველას, ვისაც მოხალისეობრივ საქმიანობაში სურს მონაწილეობა, შემოგვიერთდეს“,-განაცხადეს “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.
ცნობისთვის, თბილისის მერმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თხოვნით მიმართა პოლიტიკურ პარტიებს, აღასრულონ ვალდებულება და კანონით დადგენილ ვადაში, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 15 დღეში, უზრუნველყონ თავიანთი სააგიტაციო პლაკატების დემონტაჟი.