პრემიერმა სახელმწიფო რწმუნებულებს შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა

322

პრემიერმინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი დაავალა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი გახარია ამ საკითხზე რმწუნებულებს ვიდეოკონფერენციის დროს ესაუბრა. მისი თქმით, შეზღუდვების გამკაცრება ეპიდემიის გავრცელების შენელებას ისახავს მიზნად და მიღებული ზომების ეფექტურობისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ აღსრულებას.

გახარიამ რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი შესაბამის უწყებებს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგში. ასევე, მკაცრად გაკონტროლდეს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გამოყენება იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სავაჭრო ობიექტების მუშაობაზე შეზღუდვები არ ვრცელდება.

პრემიერმინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებთან საუბრისას ასევე განიხილა რეგიონებში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. მთავრობის მეთაურმა დეტალური ინფორმაცია მიიღო თითოეულ რეგიონში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის შესაბამისად, კოვიდის მართვის პროცესში დამატებითი კლინიკების ჩართვის შესახებ, ასევე კოვიდ-სასტუმროების მობილიზების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მსგავსი საჭიროება გამოიკვეთა.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი რეგიონებში ჰოსპიტალური სექტორის განტვირთვის პროცესს და აქტიურად ჩაერთონ ღონისძიებებში, რომლებიც სტაციონარებში საწოლფონდის შესაძლო დეფიციტის პრევენციის მიზნით ტარდება.