პოლიციამ აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე ორი პირი დააკავა

356

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწვევის და კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, ასევე, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

რაც შეეხება აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე მოვლენებს, ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები პროტესტს საყვირებით აგრძელებენ.

მათი განცხადებით, აჭარის მთავრობის სახლთან მშვიდობიან აქციას მართავენ და თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ რეგიონში მძიმე სოციალური ფონია და მთავრობის თავმჯდომარე თავს ვერ ართმევს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის სახლთან ფიზიკური დაპირიპირება აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა.

„პოლიციას ავიწყდება, რომ გამოხატვის თავისუფლებაც უნდა დაიცვას“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მირდატ ქამადაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ადგილზე მყოფ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კონსტანტინე ანანიაშვილს დაუპირისპირდნენ.

„ჩვენ ვიცავთ წესრიგს, ვიცავთ გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ როცა აქციის მონაწილე არღვევს პოლიციის კორდონს, შინაგან საქმეთა სამინისტროს რა თქმა უნდა, ექნება შესაბამისი რეაქცია“, – განაცხადა კონსტანტინე ანანიაშვილმა.