მზეჭაბუკის „დაბრუნება“ ქუთაისის ბიუჯეტს 100 000 ლარამდე დაუჯდება

951

“მზეჭაბუკის” ძეგლი, რომელიც 2009 წელს “დიდების მემორიალის” აფეთქებას გადაურჩა, ქალაქს 11 წლის შემდეგ უბრუნდება.

მონუმენტის გადარჩენილი ფიგურა ამ ხნის განმავლობაში მისი ავტორის სახელოსნოში ინახებოდა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ძეგლი ამჯერად 9 აპრილის ქუჩაზე დაიდგმება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 699 ლარი დაიხარჯება. “მზეჭაბუკის” ხელახლა აღსამართად მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

“მზეჭაბუკი”, რომელიც მერაბ ბერძენიშვილის ავტორობით შესრულებული “დიდების მემორიალის” ნაწილი იყო, მონუმენტის აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე აიღეს. 46 მეტრიანი მონუმენტი კი, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა, 2009 წლის 21 დეკემბერს ააფეთქეს. აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ძეგლის ნამსხვრევები მოხვდათ. აფეთქებული მონუმენტის ადგილზე კი საქართველოს პარლამენტის შენობა აშენდა.