მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ

400

მოლების წარმომადგენლები ითხოვენ, რომ 24 დეკემბრამდე ერთი კვირით ადრე მიეცეთ გახსნის საშუალება, სანაცვლოდ კი იანვრის განმავლობაში დაიკეტონ. ამ საკითხზე მათ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც პრესკონფერენციის შემდეგ „თბილისი მოლის“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განაცხადა, თუ ახალ წლამდე ერთის ნაცვლად ორი კვირა ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა, მომხმარებლის ნაკადის კონტროლს უკეთ შეძლებენ იმისთვის, რომ კოლაფსი არ მოხდეს.

„გვქონდა მოთხოვნები, ჩვენ მიმართ შეზღუდვები ყოფილიყო უფრო ლოიალური, რადგან ვთვლით, რომ ნამდვილად დაცულია სავაჭრო ცენტრებში ყველაფერი. ყველანაირად ვიცავთ რეგულაციებს, რომელიც შემუშავებული იყო და გვინდოდა, რომ იგივე რეგულაციებში მუშაობა გაგვეგრძელებინა. ეს იყო ჩვენი მოთხოვნა. ექიმების მხრიდან მოთხოვნა უფრო მკაცრ შეზღუდვებზე იყო. საბოლოოდ, გადაწყდა, რაც გაჟღერდა, საშუალო. ჩვენ გვირჩევნია დეკემბრის თვეში 24-ის ნაცვლად 1 კვირით ადრე გაგვხსნან და მზად ვართ, ამისთვის იანვარი სრულად დავთმოთ. მზად ვართ, 16-დან 30 იანვრამდე პერიოდში სრულად დავიკეტოთ, ოღონდ დეკემბერში ეს დღეები დაგვიმატონ“,- განაცხადა ნატა გოგოლაძემ.

რა შეეხება თანამშრომლების უმუშევრად შესაძლო დარჩენას, გოგოლაძე ამბობს, რომ თბილისი მოლში დაახლოებით 2700 ადამიანია დასაქმებული და მათი მუშაობის საკითხს მაღაზიები ინდივიდუალურად წყვეტენ.

შეგახსენებთ, რომ კოორნავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ხვალიდან, 28 ნოემბრიდან, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.