თბილისის ზღვაზე არსებულ დევნილთა დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

701

თბილისის ზღვის მიმდებარედ, უცნობ გმირთა ქუჩა N23-ში არსებულ დევნილთა დასახლებაში („ოქროს საწმისის“ შენობა) მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, წყალსადენის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა და ამ ეტაპზე, წყალარინების სისტემა იცვლება. მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, 92 ოჯახისთვის წყალსადენის ახალი შიდა ქსელი დამონტაჟდა – ბინებში არსებული სველი წერტილების სისტემა სრულად შეიცვალა, რამაც ჯამში, 3 200 გრძივი მეტრი შეადგინა.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, ასევე, ყველა ოჯახში შეიცვლება წყალარინების შიდა ქსელი. 331 გრძივ მეტრზე მიწისქვეშა კომუნიკაციების გარე ქსელი მოეწყო, აგრეთვე, შენობის მიმდებარედ 8 საკომუნიკაციო ჭა მონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ვასრულებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს. „ოქროს საწმისის“ შენობაში წყალმომარაგების სერიოზული პრობლემა იყო. საჭირო გახდა წყლისა და წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობა. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს კომუნიკაციების პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ღირებულება 160 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება.