კობახიძე: ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მაგრამ არ დაკმაყოფილდება

673

პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კენჭისყრაზე დაყენება სავალდებულოა, საკითხი პირველივე კენჭისყრაზე უნდა დადგეს, მაგრამ არ დაკმაყოფილდება, რაც სავსებით სწორი იქნება, – აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.

კობახიძის აზრით, სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა პარლამენტის დისკრეციაა და საკანონმდებლო ორგანოს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება არ მიიღოს.

“პარლამენტს ასეთი გადაწყვეტილების მიღების დროს მინიჭებული აქვს დისკრეცია. პარლამენტს სხვადასხვა მიზეზით შეუძლია დეპუტატს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს. არგუმენტი არის ძალიან მყარი, რომ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყდეთ. ეს არის საბოტაჟისა და შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რაც კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი არჩევნების შემდეგ ოპოზიციას შეუძლია პარლამენტის მუშაობა ჩაშალოს. იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, საქართველოს კონსტიტუციაში გათვალისწინებულია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ პარლამენტის გადასაწყვეტია, შეუწყდებათ თუ არა დეპუტატებს უფლებამოსილება. ეს პროცედურა სწორედ ოპოზიციის შანტაჟის წინააღმდეგ არის მიმართული. სამართლებრივად აბსოლუტურად გასაგები იქნება, თუ პარლამენტი პოლიტიკურ პარტიებს მეტ რესურსს მისცემენ, რათა საკუთარი გადაწყვეტილება გადასინჯონ. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ მოლაპარაკებები დეკემბრის რომელიმე რიცხვამდე, პარლამენტის პირველ სხდომამდე ვერ დასრულდა. ამ შემთხვევაში ვტოვებთ სივრცეს დამატებითი მოლაპარაკებებისათვის, რათა პარტიები პარლამენტში შესვლის აუცილებლობაში დარწმუნდნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აქვე კობახიძემ აღნიშნა, რომ საქმე აქამდე არ მივა, ოპოზიციასთან დაწყებული მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმისტურად არის განწყობილი და პარტიები უახლოეს დღეებში პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ.