ანა დოლიძემ „მადლიერების მარში“ გამართა და მის მხარდამჭერებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მადლობა გადაუხადა

408

მოძრაობა „ხალხისთვის” ლიდერმა ანა დოლიძემ „მადლიერების მარში“ გამართა და მის მხარდამჭერებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მადლობა გადაუხადა.

როგორც ანა დოლიძის პრესსამსახურში აცხადებენ, მსვლელობა დაიწყო და დასრულდა იმ უბნებთან, სადაც ანა დოლიძემ ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. ამასთან, ღონისძიების ფარგლებში ანა დოლიძემ და მისი გუნდის წევრებმა საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს და კამპანიის დროს გამოყენებული ტერიტორიები დაალაგეს.

„პირველად ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ჩვენ დავბრუნდით იმ ხალხთან, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს კამპანიას და მე, იმისთვის, რომ გადამეხადა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩუღურეთელებმა და დიდუბელებმა გამომიცხადეს 31 ოქტომბერს. მიუხედავად გაყალბებისა, ამ უბნებმა გამოგვიცხადეს მხარდაჭერა და ამ ხალხს ეკუთვნის მადლობა. ჩვენ ჩამოვხსნით პლაკატებს, რომლებიც გავაკარით საარჩევნო კამპანიის დროს, რადგან ხალხისთვის მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახე და ჩვენ პირველები გამოვიჩენთ პასუხისმგებლობას და დავალაგებთ იმ წერტილებს, რომლებიც გამოვიყენეთ საარჩევნო კამპანიის დროს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ანა დოლიძემ 31 ოქტომბრის არჩევნებში დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მოსახლეობის 18%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და მხოლოდ 3%-ით დამარცხდა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან.