ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე უკანონო მშენებლობისთვის ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 6 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ON.GE ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვინაიდან მშენებელმა კანონის შესაბამისად მითითების ვადაში ვერ წარმოადგინა საჭირო დოკუმენტაცია, სამსახურმა გამოსცა კანონის შესაბამისი დაჯარიმების შესახებ დადგენილება.
თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ კი On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი რიგზეა და ჯარიმას გადაიხდის.
“6 000 ლარით დავჯარიმდი საკუთარი სახლის მშენებლობისთვის. არ მქონდა საბუთები შეკრებილი. პირველი, მეორე ნაწილი მქონდა გავლილი, მესამე — არა და დამაჯარიმეს. უკვე ყველაფერი რიგზეა და მაქვს უფლება, გადავიხდი ჯარიმას”, — განაცხადა ვარდმანიძემ.
ხელვაჩაურის მერი საკუთარ სახლს მახინჯაურის დასახლებაში იშენებს. ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, დასახლებაში უნებართვოდ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება გრძელდება