ამაში კომიკური არაფერი არ არის, შესწორების ოქმები ორივე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმის შემთხვევაში არის აბსოლუტურად სწორად შედგენილი,- ასე ეხმიანება ცესკო- ს პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელი ნათია იოსელიანი კონკრეტულ უბნებზე ოქმებთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკას.
ნათია იოსელიანმა ორ კონკრეტულ შემთხვევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე შემთხვევაში შესწორების ოქმები კანონის მოთხოვნების დაცვით არის შედგენილი.
“ერთი გახლავთ საარჩევნო ოლქი ნომერი სამი, საარჩევნო უბნის ნომერი 030375. ამ შემაჯამებელ ოქმს თან ახლავს შესწორების ოქმი და ამ შესწორების ოქმში არის დაკორექტირებული ციფრი. უფრო ცხადი რომ გახდეს აქ საუბარია იმაზე, რომ ორივე კანდიდატს აქვს 266 ხმა, მათ შორის, ბათილი ბიულეტენები არის 11 და ამათი ჯამი ბუნებრივია, ვერ იქნება 315 ვერანაირად, ამაში გეთანხმებით, რა თქმა უნდა. თუმცა, თუ გადავხედავთ შესწორების ოქმს, ერთ – ერთ კანდიდატს ნაცვლად 266 ხმისა, უნდა ჰქონოდა 38 ხმა. ეს შესწორების ოქმი რომ ნახოთ, ძალიან მარტივი იქნებოდა იმის თქმა, რომ 100 პროცენტზე მეტი ვერ იქნება, ბუნებრივია , კანონით დადგენილი ნორმა არის, რომ თუ შემაჯამებელ ოქმში არის შეცდომა, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი ადგენენ შესწორების ოქმს და შესწორების ოქმი შედგენილია კანონის ნორმების დაცვით.
რაც შეეხება მეორე შემაჯამებელ ოქმს, ეს გახლავთ ნომერი 21 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო უბანი 215153, ამ შემთხვევაშიც, ამ შემაჯამებელ ოქმს ახლავს შესწორების ოქმი და მასში არის 2 მონაცემი დაზუსტებული. პირველი მონაცემი გახლავთ ბათილი ბიულეტენების რაოდენობა, რომელიც გამორჩენილია შემაჯამებელ ოქმში და ეს რაოდენობა გახლავთ 12, ეს ცვლილება შესულია შესწორების ოქმში. კიდეც ერთი ცვლილება არის, რომ ერთ- ერთ კანდიდატს მიღებული აქვს 262 ხმა, თუმცა, შემაჯამებელ ოქმში არის დაკორექტირებული ციფრი, 2- იანია გადაკეთებული, ამ შემთხვევაშიც, კანონის მოთხოვნის დაცვით შედგენილია შესწორების ოქმი და ორივე მონაცემი არის დაკორექტირებული და წერია, რომ დიახ, ნაცვლად 262- სა, სადაც ციფრი 2 არის გადაკეთებული უნდა ეწეროს 262. ამიტომ ამაში კომიკური არაფერი არ არის, ეს არის კანონის მოთხოვნა, შესაბამისად, შესწორების ოქმები ორივე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმის შემთხვევაში არის აბსოლუტურად სწორად შედგენილი”, – განაცხადა იოსელიანმა.