ნათია იოსელიანი: ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს

391

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ხმის დათვლის პროცედურა სავარაუდოდ უფრო სწრაფად ჩაივლის.

„არჩევნების მეორე ტურზე მხოლოდ ერთი ბიულეტენია, შესაბამისად ხმის დათვლას უფრო ცოტა დრო დასჭირდება“, – განაცხადა იოსელიანმა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები დაიხურება 20:00 საათზე და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდეგ, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულებისთანავე, ოქმები გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ შემაჯამებელ ოქმებს ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. საუბნო შემაჯამებელი ოქმები მიღებისთანავე აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

„ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზეYoutube-სა და საიტზე მოხდება.

კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე დაახლოებით 2 საათი რჩება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, – იაქტიურეთ და მიიღეთ პარლამენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

მეორე ტური 17 საარჩევნო ოლქში ტარდება. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას ამომრჩეველს მხოლოდ მმართველი პარტია, “ქართული ოცნება” სთხოვს.

ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და II ტურს ბოიკოტს უცხადებენ.

ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზეც.

კანონმდებლობის შესაბამისად, ოპოზიციის კანდიდატები ბიულეტენზე წარმოდგენილები არიან. თუმცა, პარტიების ლიდერებმა მხარდამჭერებს მოუწოდეს, არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

ისინი ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ, ასევე, ითხოვენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას.