12:00 საათის მონაცემებით, იმ ოლქებში, სადაც არჩევნების მეორე ტური ტარდება, ამომრჩევლის აქტივობამ 8,29% შეადგინა

360

12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 177 462 ამომრჩეველი მივიდა, – ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში – 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში – 6.2%.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრა, ამ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება გუდაურის ერთ სპეცუბანზე, გადასატანი ყუთი უკვე ემსახურება ამომრჩევლებს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.

დღეს, 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელსაც ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს ამასთან, მეორე ტური გაიმართება ქუთაისის მერობის არჩევნებზეც.

საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნება და საღამოს 8 საათზე დაიკეტება, რის შემდეგაც ხმების დათვლა დაიწყება.

მეორე ტური ჩატარდება შემდეგ ოლქებში: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

პირველი ტურის შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა რვა პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ არც პარლამენტში შევა. ტექნიკურად მათი სახელები ბიულეტენებში ჩაწერილი იქნება, თუმცა, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, მათ არც საარჩევნო კამპანია ჩაუტარებიათ და საჯაროდაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ წავიდნენ არჩევნებზე.