გორის სოფელ ძევერაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება

384

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ინფორმაციას თრიალეთი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია წყალმომარაგების შიდა ახალი ქსელის მოწყობა, რომელიც აქამდე სოფელს არ ჰქონდა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ჭაბურღილს, ასევე, მოეწყობა სადაწნეო კოშკი, რეზერვუარი და საქლორატორო. ჯამში, პროექტით 1 000-ზე მეტი მოსახლე ისარგებლებს.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და სამუშაოებზე 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაოების პროცესს შიდა ქართლის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი, სიმონ გულედანი გაეცნო. მისი თქმით, პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება, რის შემდეგაც სოფლის მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება.