თელავის მუნიციპალიტეტში ,დადასტურებული შემთხვევების განსაკუთრებულად ზრდის გამო, ადგილობრივები, ჯანდაცვის მესვეურებს, ქალაქში კარვების განთავსების და ტესტირების მასობრივად დაწყებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“აქამდე თითქოს მშვიდად ვიყავით, მაგრამ უკვე ბევრი შემთხვევაა. ყოველდღე გამოვდივართ ქუჩაში, მაღაზიაში. საიდან მოდის ეს საფრთხე, არ ვიცით. მე მაგალითად, ასაკიანი და მაღალწნევიანი ვარ, რომ შემხვდეს, ალბათ ვერ გადავიტან. დადგან კარვები, როგორც სხვა ქალაქებში იყო და გაიტესტება ხალხი. ყელას ხომ არ შეგვიძლია ლაბორატირიაში სიარული, ან იქნებ ვინმეს სიმპტომიც არ აქვს “- განაცხადა რადიო ჰერეთთან, თელავში მცხოვრებმა, ირა ასაბაშვილმა.
თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მაია ჯღუთაშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ ასეთი თხოვნით ცენტრში არავინ მისულა.
“ჩვენთვის არ მოუმართავთ, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ სურვილი იყოს. ტესტირების საშუალება არის. აქამდე ორგან იყო ტესტის აღება შესაძლებელი, ახლა მესამე ლაბორატორიაც დაემატა. ყველას შეუძლია ისარგებლოს, თუ სიმპტომი აქვს “- განაცხადა ჯღუთაშვილმა.
კახეთის რეგიონში, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან, ყველაზე მეტი, 596 თელავშია გამოვლენილი.
17 ნოემბერს ღამით, თელავში, კოვიდ- 19- ით გარდაცვალების კიდევ ერთი ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსით გამოწვეული გართულებით, 80 წლის ქალი გარდაიცვალა.