„აჭარის ა/რ 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს

368

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და 2021-2024 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი ამჯერად წამყვანი – საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს,- ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი და მისი შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა თორნიკე კუჭავამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი 328 474, 0, ათასი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 290 000, 0 ათასი ლარია. მინისტრის თქმით, მომავალ წელს შეუფერხებლად გაგრძელდება ყველა პროექტი, რომლებიც რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

„პროექტის თანახმად, 58 774,6 ათასი ლარით განისაზღვრება განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, პროექტში 123 363, 2 ათასი – ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, 25 091,0 ათასი – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 15 900,9 ათასი ლარი კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტია.

რაც შეეხება პრიორიტეტებს, მომხსენებლის განცხადებით, ისინი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად განისაზღვრა.

კანონის პროექტის მუხლობრივი განხილვისა და კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა, შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა კანონის პროექტთან და მის შესაბამის პროიორიტეტების დოკუმენტთან დაკავშირებით რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების გაგრძელებას.

მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის პროექტთან დაკავშირებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ – გიორგი რომანაძემ წარადგინა, კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს.

კანონმდებლებმა, ამავე სხდომაზე, ასევე განიხილეს და ცნობად მიიღეს ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის – თორნიკე კუჭავას მიერ წარმოდგენილი 2020 წლის რეპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.