ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა – პარლამენტის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.
კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
ამასთან, მან ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, ფილიპ რიკერთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე და განაცხადა, რომ აშშ-ს სახელწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ურჩევნიათ, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გაგრძელდეს.
„გუშინ ოპოზიციას ჰქონდა შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან. ეს კიდევ ერთი საშუალება იყო ჩვენთვის, რომ აგვეხსნა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საერთო ოპოზიციურმა სპექტრმა და გვესაუბრა იმ მასშტაბურ დარღვევებზე, რომლებიც არ გვაძლევს საშუალებას შევიდეთ პარლამენტში, გამომდინარე იქიდან, რომ ოფიციალურად გამოქვეყნებული შედეგები უბრალოდ არ ასახავს ხალხის ნებას. მოსაზრება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს ცნობილია, მათ ურჩევნიათ, რომ ინსტიტუტები იყოს გამოყენებული ბოლომდე და პარლამენტში გაგრძელდეს ბრძოლა. უბრალოდ ერთი რამ, რაც შეიძლებოდა მათთვის აგვეხსნა არის ის, რომ ინსტიტუტები ჩვენთან არ მუშაობს. არც სასამართლო მუშაობს, რომელიც პირდაპირ ასრულებს ივანიშვილის დაკვეთას, არ მუშაობს ცესკო, რომელმაც არც ერთი საჩივარი არ განიხილა, არ მუშაობს საოლქო კომისიები, რომლებმაც გადათვლაზე უარი თქვეს. ამიტომ ის, რაც იდეალურ შემთხვევაში სწორი იქნებოდა, ანუ ინსტიტუციების გამოყენება, ჩვენს შემთხვევაში უბრალოდ არარელევანტურია. ჩვენი პოზიცია არ იცვლება, ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, მაგრამ ჩვენი პოზიცია გამომდინარეობს იმ მძიმე რეალობიდან, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, როცა გააყალბა არჩევნები და მიისაკუთრა ხელისუფლება. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ახალი არჩევნების მისაღწევად და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით, ოღონდ არა- პარლამენტის. გამომდინარე, იქიდან, რომ პარლამენტი არ არის ლეგიტიმური“, – განაცხადა კაპანაძემ.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებზე ისაუბრეს.