გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
გორის საკრებულოს დეპუტატის შოთა ვანიშვილის თქმით, პროექტების ნაწილი მიმდინარე წელს დასრულდება.
“ატენის ადმინისტრაციულ ერთეულში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომელთაგან ზოგი წელს დასრულდება, ზოგიც 2021 წელს. შიდა საუბნო გზების მოწყობა მიმდინარეობს, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი, სარწყავი სისტემის და საკანალიზაციო არხების მოწესრიგება, ეს ის პროექტებია, რომლებიც ახალ წლამდე უნდა დასრულდეს. წედისში გაზი და წყალი კეთდება,ეს ექვსთვიანი პროექტია, მაგრამ უფრო მალე მორჩებიან. რაც შეეხება ცენტრალურ გზას, ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს, იჭრება და ფართოვდება გზა, სტანდარტების შესაბამისად. ახლა ინვენტარი უნდა ავიტანო, ბნავისის ამბულატორიაში, რომელიც უახლოეს დღეებში გაიხსნება და მოემსახურება მოსახლეობას”, – ამბობს შოთა ვანიშვილი.
ინფორმაციისთვის, ხიდისთავი-ატენი-ბოშურის საავტომობილო გზის 12.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში დასრულდება.
როგორც ცნობილია, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 949 999 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ენსისი“ და მისი ქვეკონტრაქტორი „ჯეოინვესტი“ ახორციელებენ.