პომპეომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე ისაუბრა

384

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი პომპეო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სასამართლო რეფორმასა და საქართველოს განვითარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე გულწრფელი და ღია საუბრისთვის შეხვდა.

მათი ინფორმაციით, პომპეომ აღნიშნა საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის კუთხით და სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი როლი კანონის უზენაესობის ხელშეწყობასა და თანამედროვე სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარებაში. თუმცა, მათივე ინფორმაციით, ყველა შეთანხმდა, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია და შეერთებული შტატები მზადაა მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

შეხვედრაში ჩართული იყო საქართველოში მოღვაწე მრავალი პროფესიონალური არასამთავრობო ორგანიზაციის ნაწილი, მათ შორის: საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს დემოკრატიის ინიციატივა, ღია საზოგადოების ფონდი, უფლებები საქართველო და საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო.

მაიკ პოპმეო უკვე შეხვდა პრემიერმინისტრს, პრეზიდენტსა და პატრიარქს. მისი ვიზიტი არასმთავრობო სექტორთან შეხვედრით დასრულდა და ის ქვეყანას რამდენიმე წუთში დატოვებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად რუსთაველზე მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ამერიკისა და საქართველოს დროშები და პლაკატები წარწერით: “არჩევნები გაყალბდა”, “ოლიგაქრმა არჩევნები მოიპარა”.